Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას - პასუხი არასდროს არ არის კონფრონტაციაში, პასუხები ყოველთვის დისკუსიაშია

„პასუხი არასდროს არ არის კონფრონტაციაში, პასუხები ყოველთვის არის დისკუსიაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ორმხრივ და საპარლამენტო ურთიერთობებზე, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოხატა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს, რადგან დიალოგი და სამართლიანი მიდგომა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარების ერთადერთი სწორი გზაა.

„მოხარული ვარ, რომ ხელმეორედ ვესტუმრე ლუქსემბურგს. 4 წლის წინ იყო ჩემი პირველი ვიზიტი ლუქსემბურგში და მიხარია, რომ ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტის დელეგაციით ვიმყოფებით აქ. შევხვდით ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს.

ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე და თავისთავად, ამ კონტექსტში ვისაუბრეთ ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებზე.

ჩვენ, ისევე როგორც ბელგიაში, აქაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი. ეს არ იყო სწორი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. მეტიც, თავის დროზე ამ გადაწყვეტილების მიზანი, ვფიქრობ, რომ იყო საქართველოს არჩევნებში ჩარევა და გავლენის მოხდენა.

თუმცა, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის ამ მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფაქტია და მე მგონი სწორედ ეს არის ევროპულობა, რომ შეუძლებელია კონფრონტაცია იყოს სწორი გზა. ევროკავშირი დგას დიალოგზე, ევროკავშირი დგას სამართლიანობაზე და დისკუსიაზე და როდესაც დღეს მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, რომ ევროკავშირი ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არის არასწორი. ამიტომ გვიხარია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლების, პარლამენტის დამოკიდებულება ამ მხრივ ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას, რომ სამართლიანი მოპყრობა - ეს არის მთავარი პრინციპი, რითაც უნდა სარგებლობდნენ ევროკავშირის ინსტიტუტები და რომ დიალოგი და საუბარი არის ერთადერთი სწორი გზა. პასუხი არასდროს არ არის კონფრონტაციაში, პასუხები ყოველთვის არის დისკუსიაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.