Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ვიხილეთ საქართველოს დროშის შეურაცხმყოფელი კადრებით ქართველი ხალხისადმი „მილოცვა“, ვურჩევდი, ძალადობის წამაქეზებელი „მილოცვა“ გვერდიდან აიღონ

თუ ევროკავშირის საელჩოს მაინც და მაინც უნდოდა მოლოცვა, იქნებ, ევროკავშირმა აიღოს მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან და ენახათ, გუშინ როგორ მიულოცა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სახელმწიფო დროში დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული პოსტის შესახებ.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს იყო ძალადობის გამართლებისა და მხარდაჭერის აქტი.

„ის, რასაც ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ სივრცეში - რამდენადაც ღირებულებითაც აცდენილი არიან დღეს ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, ზუსტად იგივე ვიხილეთ ჩვენ საელჩოების დონეზე. ეს კონტრასტი, რომელიც გუშინ იყო, მაღლაც ძალიან კარგად აჩვენებს იმ ცივილიზაციურ უფსკრულს, რომლისკენაც მიაქანებს დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია ევროკავშირს.

მეორე - ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო ძალადობის გამართლების, რომანტიზების და მათ შორის, მხარდაჭერის აქტი. ჩვენ ვიხილეთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ევროკავშირის საელჩოს მხრიდან უხამსი, საქართველოს დროში შეურაცხმყოფელი კადრებით, ქართველი ხალხისადმი „მილოცვა“. რა თქმა უნდა, ეს უხამსობა არის აბსოლუტურად მიუღებელი და თავად ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო, ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროკავშირის საელჩოს სოციალური მედიის გვერდზე. ეს უხამსობა უნდა შეწყდეს და მე მათ ადგილზე, ამ ვიდეოს საერთოდ ავიღებდი, ვინაიდან ეს უხამსობა, ქართული დროშის შეურაცხყოფა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა უპირველეს ყოვლისა, არის თავად ევროპის იდეის შეურაცხყოფა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, ევროკავშირის საელჩოს ეს პოსტი გარკვეული პოლიტიკური გზავნილიც იყო.

„ამაზე გასაგებად როგორ უნდა გვითხრან, ვისგან არის სიძულვილი და ძალადობა შთაგონებული, დაფინანსებული და მართული. გუშინ რაც ვიხილეთ ამ სამარცხვინო აქტით ევროკავშირის საელჩოს მხრიდან. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ეს უხამსი, საქართველოს დროშის შეურაცხმყოფელი, ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი და ძალადობის წამქეზებელი „მილოცვა“ და ვიდეო აიღონ საკუთარი გვერდიდან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.