შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი უფრო მენიუშია, ვიდრე ზის მაგიდასთან - ამ გამოთქმას უკვე თავად ევროპელები იყენებენ ევროკავშირთან დაკავშირებით
ყველა ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია და ევროკავშირის ხელმძღვანელობა აცდენილი არიან ევროპელი ხალხის ინტერესებს. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც შემდეგ სხვა პრობლემებს იწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს მოქმედებს მათთვის გარედან თავს მოხვეული დღის წესრიგით, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროპელი ხალხის ინტერესებს, რაც საქართველოსთან ურთიერთობებზე და ზოგადად ბლოკის საგარეო პოლიტიკაზეც აისახება.
„ევროკავშირი მოლაპარაკებების, განხილვების სერიოზული მონაწილე არ არის და თავადაც ხშირად აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი უფრო მენიუშია, ვიდრე ზის მაგიდასთან - ამ გამოთქმას უკვე თავად ევროპელები იყენებენ ევროკავშირთან დაკავშირებით. ამიტომ, საქართველოსთან მიმართებით, ვფიქრობ, სანამ მოქმედი ბიუროკრატია ბრიუსელშია, რთულია ვიფიქროთ, რომ ამ ურთიერთობის კარდინალური გამოსწორება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არაერთი ევროპელი დიპლომატი ერეოდა 2024 წლის არჩევნებში, 4 ოქტომბერს კი ევროკომისია ღიად უჭერდა მხარს ხელისუფლების დამხობის მცდელობას.
„იქნებ მორჩნენ ამ ე.წ. ვირეშმაკობას და პირდაპირ თქვან, რომ მათი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა და რომ სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც ვერ აგვარებენ - ვერ ცვლიან ხელისუფლებას. ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე საკადრის პასუხს სცემს ყველას, ვინც გარედან ცდილობს მას თავს მოახვიოს არჩევანი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.