შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ჰყავს წინდახედული, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, ასეთ დროს მარტივია გადაწყვეტილებები, დაბნეულობა არის მაშინ, როცა სხვის ინტერესებს უყურებ
„ტურბულენტურ გარემოში სიმშვიდის, მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება მართლაც მიღწევაა. ამას ხშირად ვამბობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ისინი, ვინც საქართველოს გარედან აკვირდებიან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს წინდახედული, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება და ამით ქვეყანა იგებს ეკონომიკურად, ასევე, უსაფრთხოების კუთხით.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველომ აღიდგინა მმართველობის ის თვისებები, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.
„მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს ვთქვათ, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, მთავარი განმაპირობებელი არის, რომ საქართველოს სახელმწიფო დაუბრუნდა იმ თვისებებს, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ 3 000 წელი გამოიარა. რატომღაც გარკვეულწილად ჩვენს თავზეც გვქონდა წარმოდგენა ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან, რომ ვართ იმპულსურები, სწრაფი გადაწყვეტილება, ემოციურები და ამის გამო სხვადასხვა კონფლიქტი, თუ სირთულეები იყო ჩვენს ქვეყანაში. ასე გვაჯერებდნენ, რომ ჩვენი ადამიანური ტემპერამენტი ასევე გადადის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების ტემპერამენტში – სულსწრაფობაში, მოუთმენლობაში და გარკვეულ, ასე ვთქვათ, თავქარიან მოქმედებებში. ბოლო 14-მა წელმა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნამ დაამტკიცა, რომ სინამდვილეში, ჩვენ ყოველთვის ასეთი ვიყავით. ჩვენ ვიყავით წინდახედული, ვინაიდან ვიცოდით, რა რთულ გარემოში ვიყავით. დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა არაფრით განსხვავდება რამდენიმე საუკუნის წინანდელ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობისგან. მაშინაც ზუსტად ასე იმპერიების გასაყარზე ვიყავით, მაშინაც ზუსტად ასეთი ინტერესები იყო საქართველოსთან დაკავშირებით და გავძელით მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავით მოთმინებით, გვყავდა ჩვენი ეროვნული ინტერესების გააზრებით მოქმედი ხელისუფლებები. დღესაც სწორედ ამიტომ იგებს საქართველო, იგებს ეკონომიკურად და იგებს უსაფრთხოების კუთხით, რომ ჰყავს წინდახედული, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება. ეს არის მთავარი განმაპირობებელი, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს ფესვებს, თუ როგორ ხდებოდა მართვა ქვეყნის, შიდა თუ გარე პოლიტიკის, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. როცა ვსაუბრობთ დავით აღმაშენებელზე, ვიდრე ხმალს მოიქნევდა, იქამდე მოთმინებით ელოდა მომენტს, როცა მას ხმალი უნდა მოექნია, ანუ გარკვეული ხასიათის გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველომ აღიდგინა ის თვისებები მმართველობისა, რომელმაც ჩვენ საუკუნეები გამოგვატარა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, როგორც კი ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის, ერის ინტერესებით მოქმედებს, ძალიან მარტივი ხდება გადაწყვეტილებები.
„დაბნეულობა არის მაშინ, როდესაც სხვის ინტერესებს უყურებ, რადგან არჩევანი უნდა გააკეთო, გაითვალისწინო ერთი ქვეყნის, თუ მეორე ქვეყნის ინტერესი, ერთიც რაღაც კარგს ამბობს, მეორე ცოტა რაღაცას ამბობს და ასე სხვათა ინტერესებით მოქმედებაში რთულია არჩევანი, მაგრამ როცა იცი, რა არის შენი ქვეყნის საფუძველთა საფუძველი ინტერესებში და რა არის წითელი ხაზი, შემდეგ ადვილია გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.