შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-ისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა
ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას იმისთვის, რომ განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება უსაფრთხოების თვალსაზრისით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის ვიზიტს აშშ-ში.
პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ვამბობდით კიდევაც, რომ საქმიანი ურთიერთობა სხვადასხვა უწყებას შორის გრძელდება. ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც. რა თქმა უნდა, ეს იყო საკითხი, რომელიც უსაფრთხოების ნაწილში თანამშრომლობას ეხება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა დღეს არსებული გლობალური გამოწვევების და იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ატარებს, რომ აიცილოს კონფლიქტები და უზრუნველყოს მშვიდობიანი განვითარება. ასე რომ, საქმიანი და სამსახურებრივი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.