შალვა პაპუაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, არც ზელენსკი და არც ბრიუსელი ჩვენს მხარდაჭერას არ იმსახურებს, ზელენსკი უმადური ადამიანია
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს, არც ზელენსკი და არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, უმადური ხალხია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს მიერ რეზოლუციის მიღებაზე, რომელსაც მხარი დაუჭირა 107-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 51-მა ქვეყანამ, რომელთა შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და უნგრეთი.
„ჯერ სად იყო დიდი ბრიტანეთი ზელენსკიმ სანქციები რომ დაუწესა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ზოგადად, უმადური ადამიანია, ამას მე პირველი არ ვამბობ. ამერიკის პრეზიდენტმა უთხრა, ცოტა მადლიერება გამოიჩინეო. ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის, არც საქართველოს მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს.
კიდევ ერთხელ გახსენებთ ზელენსკის სამარცხვინო განცხადებებს საქართველოდან ელჩი გაიწვია იმის გამო, რომ ქართველები რატომ არ გამოუშვით ჩვენთან საომრად და დასახოცადო. მადლობა თქვან, თუმცა, საერთო ჯამში, მათი მადლობა დიდად არ გვჭირდება. ამ ყველაფერს უკრაინელი ხალხისთვის ვაკეთებთ, თავად ზელენსკის კი საბოლოო განაჩენს უკრაინელი ხალხი გამოუტანს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.