შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში
„ბრიუსელში ინსტიტუციურ კრიზისზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ ვგულისხმობთ ღირებულებით უკუსვლას და ასე ვთქვათ, დაკვეთილ, ან მავნე პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას.
„ის, რაც დღეს პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა კორუფციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს და ამისი ფაქტებიც არსებობს ირიბი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში სამწუხაროდ, პოლიტიკური დაფინანსებები, გარე დაფინანსებები, ჯერჯერობით, კიდევ გაუმჭვირვალე არის, არ არიან მისული იმ დონეზე, სადაც ამერიკა, ან საქართველო არის კანონმდებლობის მხრივ. ამერიკაში მოქმედებს FARA და FARA-ს შემოვლით ვიგებთ ხოლმე ხანდახან რაღაც ისტორიებს ევროპასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ იყო თუ არ ვცდები, FARA-ში რომ გამოქვეყნდა ანგარიში ერთ-ერთი ლობისტური ორგანიზაციის, რომელშიც პირდაპირ ეწერა, რომ ამერიკული ორგანიზაციის ლობისტები წერდნენ რეზოლუციის პროექტებს ევროპარლამენტისთვის. ეს ეხებოდა საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტებს და იმიტომაც იყო შემდეგ, რომ ასეთ რეზოლუციებში აღმოვაჩენდით ხოლმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, დიქტატორის, რომელიც საკუთარი დანაშაულების გამო სამართლიანად იხდის სასჯელს. რა თქმა უნდა, ამის უკან ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რომ იყო კორუფცია. ეს კორუფცია შეიძლება, ყოფილიყო ფინანსური ინტერესი და ჩვენ ვნახეთ პირდაპირ, რომ ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავეს და ამოუღეს თანხები, იყო სხვადასხვა ჩინოვნიკი ევროპარლამენტის, მეტიც, ევროკომისარი მართლმსაჯულების საკითხებში. მე რომ პარლამენტის თავმჯდომარე გავხდი 2022 წელს, განაცხადი რომ გვქონდა უკვე შეტანილი წევრობაზე, ვავსებდით და მაშინ ასე ვთქვათ, რომ იყო სხვადასხვა მცდელობა მართლმსაჯულების რეფორმის კრიტიკის და ასე შემდეგ, ბრიუსელში გახლდით ვიზიტით და შევხვდი ამ კომისარს, რომელიც მე მიხსნიდა, რას ნიშნავს მართლმსაჯულება, სასამართლო რეფორმა და ორი წელი არ იყო გასული, ამ კაცის ბინიდან ამოიღეს დიდძალი თანხა და კორუფციაში ამხილეს. ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩინოვნიკი, ევროკომისარი იყო, როგორც ქალბატონი კოსი, ან არ ვიცი, კალასი და ასე შემდეგ, გახლავთ მათი კოლეგა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ეჭვები გვაქვს, როგორც პოლიტიკური კორუფციისა, ანუ პოლიტიკური ინტერესისა, ისე ფინანსური პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც არა ერთხელ გამოვლინდა ბრიუსელში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, თუ გავითვალისწინებთ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც მან ევროპარლამენტს პირდაპირ ქრთამის ამღებთა ბუდე უწოდა და კატარგეიტის საქმეც გაიხსენა, როდესაც ევროპარლამენტი საქართველოს დემოკრატიის, კორუფციისა და კანონის უზენაესობის ხარისხზე საუბრობს და ხარისხს აფასებს, მეორე მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლება ევროპულ ინსტიტუტებს აკრიტიკებს, ხომ არ არის ევროპარლამენტის ცალკეული კორუფციული საქმეების გამო მთლიანად ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაცია სახიფათო.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „სტანდარტი“, როგორც ასეთი სიტყვა, უკვე დაივიწყა საქართველომ, როდესაც საქმე ეხება ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას, ხელისუფლებას, ბრიუსელს, ვინაიდან აქ სტანდარტებზე „აღარც უნდა ვიოცნებოთ, რომ რამე სტანდარტებთან გვაქვს საქმე საერთაშორისო პოლიტიკაში“.
„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, რომელსაც სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვა სიუხეშით ცდილობს, მიაღწიოს. ზოგი უფრო რბილია, ზოგი უფრო უხეში, მაგრამ საქმე ყოველთვის ერთში არის, აქვთ კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და ამ პოლიტიკური მიზნისკენ ისწრაფვიან. საქართველოსთან მიმართებით ეს მიზანი ძალიან ცხადად წარმოჩნდა და დადასტურდა. მიზანი 2024 წელს იყო საქართველოს ხელისუფლების შეცვლა ყველა საშუალებით. ჩართეს ყველაფერი, კანონიერი, თუ უკანონო მეთოდები, დაშვებული, თუ ბინძური მეთოდები, აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, თუ რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს სამწუხაროდ, ევროპის მხრიდან, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში და ეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ. იმიტომ, რომ როდესაც რაღაც ცუდი ჩაივლის ხოლმე, ეს ჩვევა აქვს მაინც ზოგადად ადამიანს, რომ ივიწყებს, რახან ჩავლილია, მაგრამ გავიხსენოთ, ეს იყო რეკორდული ფულის დახარჯვა საქართველოში, ევროკავშირის თუ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მხრიდან, იყო პირდაპირი დაფინანსება სხვადასხვა სქემებით პარტიების. აგერ, დანიის სახელმწიფო აფინანსებდა საარჩევნო კამპანიას ოპოზიციური პარტიების, ავტეხეთ სკანდალი და დანიის ელჩისგან ერთ კომენტარს და სიტყვას ვერ ვეღირსეთ საქართველოს ხელისუფლება, არა თუ საზოგადოება; ვიდრე თავად დანიაში არ გახდა ეს სკანდალი, რომ დანიის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, მანამდე არაფერი არ მოხდა და როგორც კი გასკანდალთა პრესაში, ამას მოერიდნენ და დახურეს იმავე წუთში ეს პროექტი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმ პროექტის, რომელიც შეფუთული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ ასე ვთქვათ, მთელი ამ არასამთავრობო ორგანიზაციის შემადგენლობა აღმოჩნდა „ლელოში“ „თავისუფლების მოედნის“ სახელით. მთელი შემადგენლობა გადაბარგდა პირდაპირ „ლელოს“ პარტიაში, როდესაც მანამდე უცხო ფულით საარჩევნო კამპანიას აფინანსებდნენ. აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა ელჩის, თუ პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩარევაზე არჩევნები შემდეგ.
ყველას შევახსენებ, როდესაც არჩევნები დასრულებული იყო, თუ არ ვცდები 12 ნოემბერი იყო, როდესაც შვიდი ევროპული ქვეყნის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბალტიის ქვეყნების, ე.წ. ნორდიკების, შვედეთი და ა.შ., საფრანგეთის, გერმანიის, შვიდი ქვეყნის საჯარო კომიტეტების თავმჯდომარეები, ხელისუფლების წარმომადგენლები დადგნენ რუსთაველზე და ქართველ ხალხს მოუწოდებდნენ მაიდნისკენ. გახსოვთ ეს თქვენ, ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, ხალხო, გამოდით მაიდანზეო და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რას ნიშნავს მაიდანი, რომლისკენ ევროპელები მოუწოდებდნენ ქართველ ხალხს, მაიდანი ნიშნავს ას დაღუპულ ადამიანს პროტესტის დროს. აი, ამისკენ მოუწოდებენ და ამის შემდეგ, როდესაც ბოლომდე გაახურეს საკუთარი აქტივისტები საქართველოში, პარლამენტზე შტურმი მიიტანეს, შემდეგ ერთ წელიწადში პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი მიიტანეს და არცერთ ამ ფაქტზე არც ბოდიში მოუხდიათ და არც კი გამიჯვნიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.