Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელში კორუფცია ყვავის, ეს ადასტურებს, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ კორუმპირებული ევროპელი ბიუროკრატები ებრძვიან

ევროკავშირში კორუფციის ფაქტები ადასტურებს ქართულ საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს, რომ გრანტების გაცემის დროს კორუფციასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კორუფცია ბრიუსელში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

„ევროკავშირში კორუფციის ფაქტები ადასტურებს ქართულ საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს, რომ გრანტების გაცემის დროს საქმე კორუფციასთან გვაქვს. მოგერინის წინააღმდეგ საქმე გრანტების გაცემის დროს კორუფციას ეხება. ზუსტად ეს ეჭვებია და ამაზე საუბრობს ბევრი „ენჯეო“ საქართველოში. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში გრანტების გაცემის დროს საქმე აქვთ კორუფციასთან და ამაში ჩართული არიან ევროპული სტრუქტურები, დონორები. ეს არაერთხელ გამხდარა საჯაროდ ცნობილი.

როცა ვკითხულობთ, კონკურსი ჩატარდა თუ რა საფუძვლებით გაიცა გრანტი, ამაზე ან პასუხი არ იყო ან ჩანდა, რომ ფავორიტიზმით გაიცა გრანტები. ეს იმ ეჭვს აღვივებს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ პრობლემა იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის მავნე პროექტების დაფინანსებაზე ხელის არშეშლა, არამედ კორუფციის გამჟღავნება.

ჩანს, რომ კორუფცია ის მავნე პრაქტიკაა, რაც ბრიუსელში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. სავალალო მდგომარეობაა, რომ ამ დონეზე ყვავის კორუფცია და სხვა ქვეყნებზე საუბარს ბედავენ. ეს იმის დასტურია, რომ გრანტის გაცემის დროს, სავარაუდოდ, კორუფციას ჰქონდა ადგილი. ეს იმის დასტურია, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ კორუმპირებული ევროპელი ბიუროკრატები ებრძვიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.