Loading data...
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელიდან არის მითითებები დედაქალაქებში, რომ საქართველოსთან უმაღლეს დონეზე შეხვედრები არ ჰქონდეთ, საბედნიეროდ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამგვარ უმწიფარ მითითებებს არ ექვემდებარებიან

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბრიუსელიდან პირდაპირ არის მითითებები დედაქალაქებში, რომ საქართველოსთან უმაღლეს დონეზე შეხვედრები არ ჰქონდეთ, რაც თავისთავად წევრი ქვეყნების სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პრაღაში განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვეს კითხვა: „თქვენ ხშირად ამბობთ, რომ იფილტრება ინფორმაცია, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მიდის. რა იყო პრაღაში პოზიცია დიალოგის აღდგენაზე“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საბედნიეროდ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამგვარ უმწიფარ მითითებებს არ ექვემდებარებიან.

„რთულია, წარმოიდგინო, პარლამენტი დაექვემდებაროს ბრიუსელის მითითებებს, როდესაც საპარლამენტო სუვერენიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ორმხრივ ინტერესებს. ბევრ საკითხზე მათთვის ინფორმაცია საინტერესო იყო, როგორ ვხედავთ ჩვენ იმ განვითარებებს, რომლებიც ორი-სამი წლის განმავლობაში ბრიუსელთან დაკავშირებით არსებობს. მოხარული ვართ, რომ ბევრ რაღაცაში ჩვენი შეხედულებები ემთხვეოდა. მნიშვნელოვანია ორმხრივ დონეზე ურთიერთობების განვითარება, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით ჩეხეთში იმყოფება.