შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ცდილობს, საქართველოს უბიძგოს რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ესკალაციისკენ, რომლის ბოლოშიც არის ომი
პროექტში, რომელიც ევროპულ საბჭოზე გუშინ ჩავარდა, მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და ბელორუსისთვის, ამას მოითხოვს საქართველოსგან დღეს ბრიუსელი, ევროკავშირი, ზუსტად ეს იყო, რასაც ითხოვდნენ ხოლმე დახურულ კარს მიღმა და გარეთ არ საუბრობდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შემდეგ ევროკავშირის ღირებულებითი დაღმასვლა და დემოკრატიული უკუსვლა აშშ-მა ამხილა.
„ყველა ის გადაწყვეტილება, რასაც ვაკვირდებით არის ერთადერთი – ამხელს თავად ბრიუსელს, მის ბიუროკრატიას, იმ პოლიტიკურ წრეებს, რომლებიც სრულად არიან აცდენილი საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს. ევროპა დღეს იმართება უმცირესობების მთავრობებით, რომლებსაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და სურდათ, ეს სისტემა საქართველოსთვისაც თავს მოეხვიათ. ნებისმიერი გადაწყვეტილება თავად ბრიუსელის მხილება იქნება, ამას დიდი გავლენა ვერ ექნება იმაზე, ჩვენ რა პოლიტიკა ვაწარმოოთ.
გუშინ, მას შემდეგ რაც ჩავარდა საქართველოზე განცხადება და დანიამ ერთპიროვნულად გამოქვეყნდა ტექსტი, ამ ტექსტში მთავარი პასაჟი იყო, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. პროექტში, რომელიც ევროპულ საბჭოზე ჩავარდა, მოითხოვდნენ სრულ თანხვედრას რუსეთის და, მათ შორის, ბელარუსის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზე. სრული თანხვედრა ნიშნავს სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და ბელორუსისთვის. ამას მოითხოვს საქართველოსგან დღეს ბრიუსელი, ევროკავშირი. ზუსტად ეს იყო, რასაც ითხოვდნენ ხოლმე დახურულ კარს მიღმა და გარეთ არ საუბრობდნენ. შარშან ევროპარლამენტმა პირველად ჩაწერა რეზოლუციაში და ახლა დანიის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ვნახეთ ეს ჩანაწერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელი ცდილობს, საქართველოს უბიძგოს რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ესკალაციისკენ, ქვეყანას უბიძგებენ ისეთი ესკალაციისკენ, რომლის ბოლოშიც არის ომი.
„რაც შეეხება ევროპის საბჭოზე ჩავარდნილ განცხადებას, რომელიც დანიამ ცალმხრივად გამოაქვეყნა, კიდევ ერთხელ, რა საჭიროა ეს პროცედურები, თუ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ისე მიჰყიდიან, მათ შორის ქართულ, ევროპულ საზოგადოებას, როგორც ევროპული საბჭოს პოზიციას. პოზიციას, რომელიც არ არსებობს. ეს დოკუმენტი ჩავარდა იმიტომ, რომ დოკუმენტი იყო სავსე დეზინფორმაციით. ყველა პასაჟი არის ბრიუსელის იმ მავნებლური პოლიტიკის თვითმხილება, რომელსაც ის აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ.
პირველი, ითხოვენ, სრულ შესაბამისობაში მოვიდეთ რუსეთის და ბელარუსის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, დავუწესოთ სანქციები რუსეთს და ბელარუსს. მეორე, გვიკრძალავენ საგარეო პოლიტიკის ისე წარმოებას, რომელიც არ ემთხვევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. მანამდე გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია გაეროში წელს როდესაც განიხილებოდა უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია, საქართველომ მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ ინიიცირებულ რეზოლუციის ტექსტს და არა იმ ტექსტს, რომელსაც ევროკავშირი უჭერდა მხარს.
ევროპული საბჭო დანიის მიერ გამოქვეყნებული ტექსტით დღეს გვეუბნება, რომ გვიკრძალავს, მხარი დაგვეჭირა ამერიკული ვარიანტისთვის. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის პირდაპირი ხელყოფა, როდესაც ბრიუსელი მოითხოვს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ვასალური სახელმწიფო პოლიტიკის მსგავსად გვქონდეს და ბრიუსელმა განსაზღვროს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ჩვენი საგარეო ნაბიჯები უნდა შევუთანხმოთ თურმე ბრიუსელს. მესამე, როდესაც საუბარია ე.წ. უსამართლოდ დაპატიმრებულების გათავისუფლებაზე, დააკვირდით, არცერთ განცხადებაში არ ამბობენ, ვის გულისხმობენ.
რატომ არ ამბობენ, ვინ არიან უსამართლოდ დაკავებული. უჩა აბაშიძეა უსამართლოდ დაკავებული? ეს არის მათი მორალი. მათი მორალია ადამიანი, რომელიც საკუთარ ცოლს ყიდდა და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა, რომ სხვები დაეშანტაჟებინა. ამ ადამიანის გათავისუფლებას ითხოვს დღეს ბრიუსელი. ეს არის მათი მორალური დეგრადაციის დონე, როდესაც ითხოვენ უჩა აბაშიძის გათავისუფლებას.
პაატა ბურჭულაძე? ადამიანი, რომელმაც რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მუშაობა არავინ იცის დღეს რა სიტუაცია გვექნებოდა საქართველოში. ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? და მის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი? ეს არის მათი მორალი, რომ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში შტურმს აორგანიზებს და აწყობს, ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ.
შეგახსენებთ, სოფიაში ევროპარლამენტის წარმომადგენლობის კარებთან ქაღალდს წაუკიდეს ცეცხლი და ამაზე პანიკა იყო აწეული, რომ ეს არის თავდასხმა ევროპარლამენტზე. დაგვანგრიეს თავზე მთელი პარლამენტის შენობა, წვავდნენ ბრიუსელის მიერ დაქირავებული ადამიანები და უნდა გათავისუფლდნენ? ყველა პუნქტი, რომელიც არის ამ განცხადებაში ანტიქართული რიტორიკაა და არის მავნებლობა საქართველოს მიმართ, საქართველოს ბიძგება ესკალაციისკენ, დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.