შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია
ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით
„ახლა ხომ ჩანს, რომ როგორც კი სხვა მიზნებს გავაფეტიშებდით და ეროვნულ ამოცანებზე ზემოთ დავაყენებდით, საბოლოო ჯამში იმ მიზნებს, რომლებიც ჩვენს ხელში არ არის, ნატოს წევრობა, ევროკავშირის წევრობა და ა.შ., რომლებიც შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეატრიალონ, როგორც უნდათ ისე, ჩვენს ქვეყანას მოწყვლადს ვქმნით და ჩვენს ეროვნულ მიზნებს რაღაც სხვა მიზნებს ვანაცვლებთ. შემდეგ ვის ხელშიც არის ამ მიზნების აღსრულება, გულგრილი ხდებიან ამ მიზნების შესრულების მიმართ და საბოლოო ჯამში დანგრეული ქვეყანა რჩება, როგორც უკრაინაა. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ ეს შეძახილები გვახსოვს, რომ უკრაინა არა თუ ნატოს წევრი იქნება, უკრაინა იქნებოდა ნატოს წამყვანი სამხედრო კონტინგენტის მქონე ქვეყანა. პირველ დღეებში, ომი სანამ დაიწყებოდა, ზელენსკი გამოდიოდა და ამბობდა – ბოლო-ბოლო გვითხარით, გვიღებთ თუ არა ნატოში, თქვით ღიად და მკაფიოდო. ამ საკითხზე იყო დამოკიდებული მაშინ ომის დაწყება-არდაწყება. შემდეგ ამისი დამალვა და მიჩეჩება უნდოდათ, თითქოს არაფერ კავშირში არ იყო ომთან ნატოში წევრობა-არწევრობა, მაგრამ დღეს ყველა შეთანხმებულია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო ომი, იყო სწორედ ნატოს გაფართოების გეგმები აღმოსავლეთის მიმართულებით. დღეს ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ამ მიზნებისგან და ოცნებებისგან აღარაფერს ტოვებენ, რაც შეეხება ნატოს წევრობას.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში წევრობაც, რომელიც არ იდგა დღის წესრიგში მანამდე, 2022 წლის ომამდე, უცებ დღის წესრიგში წამოვიდა, უცებ ყველას დაჰპირდნენ, რომ იქნებოდა ევროკავშირის წევრი. უკრაინას დაჰპირდნენ, რომ ის სწრაფად და მოკლე ვადებში ევროკავშირის წევრი გახდებოდა. 2027 წლის 1-ელი იანვარიც კი იყო დასახელებული ზოგიერთი პირის მხრიდან, როგორც თარიღი. 1-ელი იანვარი და ვხედავთ, რომ არავინ აპირებს ევროკავშირში მიღებას. უკვე დათქმას აკეთებენ, რომ ევროკავშირში თუ მიიღეს უკრაინა, მას ექნება შეზღუდვები სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მთავარია, რომ უკრაინას სოფლის მეურნეობის ბაზრები სჭირდება, სუბსიდიები სჭირდება და ზუსტად ამაში ექნება შეზღუდვები. უი, თურმე, ჩვენ ევროკავშირის სრულფასოვან წევრებად მიღებას კი არ გვიპირებენ, მეორე ხარისხოვან წევრებად მიღებას გვიპირებენო. ამ დღეებში გაიმართება დისკუსია, რომ იყოს ორკლასობრივი დაყოფა ევროკავშირში – იყვნენ პირველი კლასის და მეორე კლასის წევრები, რომლებსაც თანაბარი ხმის უფლება არ ექნებათ. ეს ის ტენდენციაა, რომლის ეჭვიც გვაქვს, რომ ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია. მონტენეგროზე და ალბანეთზე თუ შეთანხმდებიან, იმის იქით გაფართოებაში არ მგონია, რომ გულწრფელები იყვნენ ზოგიერთი ლიდერები. სამწუხაროდ, ყოველდღიურად ამაში ვრწმუნდები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.