Loading data...
შალვა პაპუაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი საკუთარი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას

„საბოლოო ჯამში, ბაჩო ახალაიამ საკუთარი მეუღლეც კი არ დაიცვა“, - განაცხადა ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ანა ნადარეიშვილის მისამართით კითხვების გაჩენა აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რადგან ფორმალურად, კომუნიკაცია ბაჩო ახალაიასა და 4 ოქტომბრის მოვლენების მონაწილეებს შორის სწორედ მისი პი მისამართიდან ხორციელდებოდა.

„ეს ადამიანი საკუთარი მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას. რა მორალური ღირებულებების მატარებლები არიან ეს ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ატრიალებას გეგმავდნენ? ადამიანი თავისი მეუღლის ზურგს ეფარება. ხომ ყველასთვის გასაგები იყო, რომ ანა ნადარეიშვილის ეს პოსტები და სოცმედია აქტიურობა, რომელიც უცებ, არსაიდან გაჩნდა, მისი მეუღლის იდეებისა თუ მოწოდებების გაჟღერება იყო. ანა ნადარეიშვილი ცალკე პოლიტიკური ფიგურა არასოდეს ყოფილა. [ახალაია] იყენებდა როგორც სპიკერს, დამხობის წინა პერიოდში. აღმოჩნდა, რომ მის მისამართს ეფარებოდა დამამხობლებთან კომუნიკაციისთვის და საბოლოო ჯამში, მეუღლეც კი გაწირა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის და ისიც კი ვერ გაბედა, რომ საკუთარ თავზე დაეტოვებინა ეს პასუხისმგებლობა. არც კი უპასუხა კითხვას „თქვენი მეუღლეც იყო თუ არა კომუნიკაციაში ჩართული?“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 27 დეკემბერს სასამართლომ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა.

ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.