შალვა პაპუაშვილი: არაფრის დატოვებას ვაპირებთ, პირიქით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უნდა ვაიძულოთ, პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ვიდრე არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, ჩვენ მათთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ორგანიზაციის წევრად რჩება და დატოვებას არ აპირებს.
„ევროპის საბჭოს ასამბლეა როცა პატივს არ სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცდილობს, ქართველ ხალხს არჩევანი უკარნახოს, რა თქმა უნდა, ამას ურთიერთობა მიჰყავს იმ დონემდე, როგორც ახლა არის. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ვიდრე არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, მათთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს.
არაფრის დატოვებას არ ვაპირებთ, ამ ორგანიზაციის წევრი ვართ. პირიქით, უნდა ვაიძულოთ, რომ სუვერენიტეტს პატივი სცენ. ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვიბრძოლეთ, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც დამოუკიდებლობა ციდან დაეცათ.
ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ და სისხლი დავღვარეთ. სისხლი იმისთვის არ დაგვიღვრია, რომ ორპროცენტიანი მხარდაჭერის მქონე დეპუტატმა, რომელიც „პასეში“ გამოიჭიმება და ქვეყნის მმართველი ჰგონია თავი, ქართველო ხალხის სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი დააკნინოს.
ყველას მიმართ მკაფიო პოზიცია გვექნება. საქართველოს სუვერენიტეტს პატივს ვინც არ სცემს, ის არ არის ქართველი ხალხის მეგობარი და შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.