Loading data...
შალვა პაპუაშვილი: არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ადამიანების ჯანმრთელობა, რომელზეც პირდაპირ აისახება ავტომობილების რაოდენობა, ხარისხი, ცვეთა, გამონაბოლქვი და ა.შ.

„არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ადამიანების ჯანმრთელობა, რომელზეც პირდაპირ აისახება ავტომობილების რაოდენობა, ხარისხი, ცვეთა, გამონაბოლქვი და ა.შ., - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, რას უპასუხებს კრიტიკას მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

„არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე ადამიანების ჯანმრთელობა, რომელზეც პირდაპირ აისახება ავტომობილების რაოდენობა, ხარისხი, ცვეთა, გამონაბოლქვი და ა.შ. ეს რომ გამოწვევა და პრობლემაა და განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობისთვის და თუ ვინმე ამას ვერ ხვდება როდესაც ქალაქში დადის, საკმარისია შემაღლებულ ადგილას შედგეს და გადმოხედოს თბილისს, ყველა მიხვდება სად არის პრობლემა. მათ შორის პრობლემა არის ძველ მანქანებში, რომელსაც ამორტიზაციის ვადა აქვს გასული, სხვა დროს, სხვა ხარისხითაა წარმოებული. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სწორედ ამგვარი რეგულაციების შემოღება. რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, რეექსპორტს ეს არ ეხება. ჩვენ მოსახლეობაზე ვზრუნავთ და ეხება მანქანებს, რომელიც უნდა დარჩეს საქართველოში. საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობას. თუ ავიღებთ ჰაერის დაბინძურების შრეებს, ვნახავთ, რომ ზედაპირიდან 1 მეტრზე ილექება ყველაზე მეტი გამონაბოლქვი, იქ სადაც ჩვენი პატარები მოძრაობენ. ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ნაწილია იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელიც გარემოს გაუმჯობესების მხრივ მიმდინარეობს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.