Loading data...
შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგულები ვრჩებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ

„ჩვენ არ ვმოქმედებთ არავის გაღიზიანების შიშით ან არგაღიზიანების სურვილით. ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით. მივდივართ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ჩვენს ინტერესებში ჯდება და ხელს არ უშლის ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ უკრაინისთვის რეპარაციების გადანაწილების მექანიზმის შექმნის მხარდაჭერას, რომელიც ომით დაზარალებულ მოქალაქეებს ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას მისცემს.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლებიც თბილისის ამ ნაბიჯს „მოულოდნელად“ აფასებენ.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგულები ვრჩებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ. ომის დაწყების პირველივე დღიდან ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის. იმ უმადურობის ფონზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება და კონკრეტულად უკრაინის პრეზიდენტი იჩენს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, შეიძლება ვიღაცას გაჰკვირვებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ასეთ გადაწყვეტილებებსა და ინსტრუმენტებს. თუმცა, ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც ქართველი ხალხის ღიად მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა, რომ ამ მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა, საქართველოს პარლამენტი გუშინ ხელმოწერილ დოკუმენტის რატიფიცირებაზე საჭირო ვადებში იმუშავებს.

„როდესაც სახელმწიფო იღებს საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ხელმოწერით, თავისთავად, ამას ყველა შიდა სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი პროცედურა მოჰყვება და შესრულდება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ასევე შეახსენა, რომ არსებობს უკრაინის მხარდამჭერი ზოგიერთი რეზოლუცია, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭრია, მათ შორის უკრაინისთვის მიყენებული ზიანის აღწერის რეესტრი შეიქმნის შესახებ, მოლდოვამ კი არა.

საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იმ ბერკეტის არსებობას, რაც ომით დაზარალებულ მოქალაქეებს ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას მისცემს.