შალვა პაპუაშვილი: აგვისტოს ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო, ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
ომში დაღუპულ გმირებს ასევე პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
„18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერა. ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი - ეს არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი. რეჟიმისა, რომელმაც მაშინ საქართველო ამ ომში შეიყვანა და შემდეგ, დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა ბრძოლის ველზე მიატოვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც გმირი ჯარისკაცები მტერს ებრძოდნენ და ბრძოლის ველზე ეცემოდნენ, თავად ღლიცინით და ანგლობით იყვნენ დაკავებული.
„გახსოვთ 9 აგვისტოს გამართული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც სააკაშვილი, ბოკერია, მაშინდელი უშიშროების საბჭოს წევრები, მაშინ, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მტერს ებრძოდნენ, როცა ბრძოლის ველზე ეცემოდნენ, როცა ჩვენი მოსახლეობა მიტოვებული იყო ბრძოლის ხაზს მიღმა, მათი ხორხოცი, ხითხითი და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს იყო ის სურათი, რაც მაშინ მთელმა საქართველომ დავინახეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.