შალვა პაპუაშვილი: ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს შეგუება, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერავინ დაარღვევს
ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყნის გამთლიანება და ეკონომიკის ზრდაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერავინ ვერ დაარღვევს.
„გამოცდილება აჩვენებს,როცა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მივყვებით, აყოლილი არ ვართ არც ერთი ქვეყნის პოლიტიკას, მაშინ საქართველო იმარჯვებს და წინ მიდის. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკა ნათელია. ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ცალსახაა - ეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ეკონომიკის ზრდაა.
ორივე უალტერნატივო ეროვნული ამოცანაა, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ, სისტემური მიდგომით მივდივართ. ადრე თუ გვიან, ამ რეალობასთან შეგუება ყველას მოუწევს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერავინ ვერ დაარღვევს და ეს მოცემულობა დადგება.
ჩვენი ეკონომიკისა და კეთილდღეობის ზრდით შესაბამისს პირობებს შევქმნით, რომ ამ რეალობას ყველამ თვალი გაუსწოროს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მავნე ინტერესები არავის აღარ ჰქონდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.