Loading data...
შალვა პაპუაშვილი: აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი არტერია გადიოდა თბილისზე

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თბილისში, სამუშაოების მიმდინარეობისას, რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები დედაქალაქის ისტორიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოაჩენს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, X-XI საუკუნეებით დათარიღებული არტეფაქტები, მათ შორის თიხის ჭურჭელი, თბილისზე აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტის გავლის შესახებ მიუთითებს.

„ქალაქის მერთან ერთად, დავათვალიერეთ ის ადგილი, რომელიც სამუშაოების დროს აღმოჩნდა და კიდევ ერთი ფურცელია ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში. მინდა, მადლობა გადავუხადო უპირველეს ყოვლისა თბილისის მერიას, რომ ამ სამუშაოების განხორციელების პროცესში ასევე ყურადღებით არიან იმ არქეოლოგიურ არტეფაქტებზე, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს სამუშაოების დროს და მადლობა მინდა გადავუხადო არქეოლოგებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის კიდევ ერთი მონაკვეთის რაღაც ეპიზოდი დაგვანახონ.

ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც, რომ ვნახეთ ადგილი, სადაც, როგორც ჩანს, ეს არის თიხის საამქრო, სადაც ბევრი ჭურჭელი არის აღმოჩენილი, თავის ისტორიასაც გვიყვება, ვინაიდან ქურაში დარჩენილი თიხის ჭურჭლები არის, რომლებიც, როგორც ჩანს, რაღაც ისტორიული მოვლენის გამო, იქნებოდა ეს გარკვეული თავდასხმა, შემოსევა თუ ასე შემდეგ, დარჩა ქურაში და დარჩა მას შემდეგ მიწის ქვეშ. როგორც აფასებენ არქეოლოგები, დაახლოებით X, XI საუკუნის არტეფაქტები არის, ამდენი საუკუნის შემდეგ პირველად იხილეს მზის შუქი და ეს კიდევ ერთხელ ამატებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი დედაქალაქის ისტორიას განსაკუთრებულ შტრიხებს.

მათ შორის, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი არტერია გადიოდა თბილისზე და გადიოდა ჩვენს მთავარ გამზირზე - დღეს რუსთაველის გამზირზე, მაშინ აქ გადიოდა გზა, რომელიც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი არტერიაა“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.