შალვა პაპუაშვილი: 40-ათასიანი ზღვრის გაუქმების ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს ვისაც უწევს ქონების გადასახადზე დეკლარაციის შევსება, მათზე უკვე გავრცელდება
„ზოგადად, ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მკაცრი პოლიტიკა არ ჰქონია იმდენად, რომ მკაცრი ადმინისტრაცია ყოფილიყო, თორემ, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც ქონების გადასახადის კრიტერიუმებში ჯდებოდა, მაგრამ არ ადეკლარირებდნენ ქონებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
„გუშინ ითქვა, რომ ვაინიცირებთ 40-ათასიანი ზღვრის გაუქმებას და ვთქვით, რომ ეს 81 ათას პირს შეეხება, ვინც იხდის ქონების გადასახადს. ამაზე კარგი რა უნდა თქვა, მაგრამ დღეს ვკითხულობდი, რომ 81 ათას პირზე მეტს არ აქვს 40 ათასზე მეტი შემოსავალიო, ანუ ეკონომიკური ზრდა ტყუილიაო. მაინც რომ განვმარტო, ეს 81 ათასი ადამიანი არის ის კატეგორია, რომელთაც 40 ათასზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ წლიურად და პლუს ჰქონდათ საკუთარ თავზე რეგისტრირებული უძრავი ქონება – ეს ორივე პირობა უნდა ყოფილიყო. ზოგადად, ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მკაცრი პოლიტიკა არ ჰქონია იმდენად, რომ მკაცრი ადმინისტრაცია ყოფილიყო, თორემ, ზოგადად თუ შევხედავთ, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც ამ კრიტერიუმებში ჯდებოდა, მაგრამ არ ადეკლარირებდნენ ქონებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.