შალვა პაპუაშვილი: 2008 წელს „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება რომ ყოფილიყო სათავეში, ომი არ იქნებოდა - სამი წლის წინ საქართველოს ექაჩებოდნენ ომში, რომელიც შექმნიდა ახალ გმირებს, მაგრამ, ამავე დროს, შექმნიდა ახალ ტრაგედიას

„2008 წელს, იმ პერიოდში „ქართული ოცნება“, ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება რომ ყოფილიყო სათავეში, ომი არ იქნებოდა. ამას გვიმტკიცებს სამი წლის წინანდელი ამბები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალურ თემაში“.
პაპუაშვილის თქმით, ზუსტად სამი წლის წინ იგივე ადამიანები ითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას უკრაინაში მეომრები გაეგზავნა და რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, რაც ქვეყანას ახალ ომს და ტრაგედიას მოუტანდა.
„არამხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან, არამედ მას შემდეგ, განსაკუთრებით ბოლომ სამი წელია, ვუყურებთ უკრაინაში მიმდინარე ომს. მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც კიდევ ერთხელ შევაფასოთ, რა ქმედებები იყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, როგორ მივიდა სიტუაცია ომამდე, რისი აცილება შეიძლებოდა, რისი - არა, იმისთვის, რომ შეფასდეს მთლიანად ეს მდგომარეობა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ 2008 წელს, იმ პერიოდში „ქართული ოცნება“, ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება რომ ყოფილიყო სათავეში, ომი არ იქნებოდა. ამას ჩვენ გვიმტკიცებს სამი წლის წინანდელი ამბები. სამი წლის წინ ზუსტად იგივე ხალხი, რომელიც დღეს ასეთი ხმამაღალია, ითხოვდა საქართველოს ჩართვას ომში. დღეს, სხვათა შორის, ახლა აქცია რომ ჰქონდათ პარლამენტთან, ხოშტარია, ჯაფარიძე, აბსოლუტურად იგივე ხალხი, იგივე სახელები, იგივე სახეები, ზუსტად იგივე ადამიანები მაშინ ჩართულები იყვნენ იმ საკითხში, რომ საქართველოს გაეგზავნა მეომრები ფრონტზე, ანუ ჩართულიყო ომში.
დღეს, სხვათა შორის, პოლიციამ დააკავა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ბანერი ანწუხელიძის გვარით ზედ და ამაზე ააწყვეს დიდი პანიკა. ეს ადამიანი არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი. ზუსტად ის თავად იყო სამი წლის წინ ზუსტად იმავე ადგილას, საქართველოს პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორი, სადაც ის პირადად და მისი ორგანიზაცია „სირცხვილია“ უცხოური დაფინანსებით ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეომრები გაეგზავნა უკრაინაში საომრად, დაეწესებინა სანქციები რუსეთისთვის და ამით ომში ჩართულიყო.
ამიტომ, როდესაც ისინი საუბრობენ, ანწუხელიძის გვარს ახსენებენ, დიახ, ანწუხელიძე გმირია და ის უკვდავია, ისევე უკვდავია, როგორც ძმები რომელაშვილები, როგორც შინდისის 17 გმირი, 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი, 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე, რომელიც მაშინ დაიღუპა. ზუსტად ამ ადამიანებს და მათ შორის ზუსტად ამ ადამიანს, რომელსაც ეს პლაკატი ეჭირა ხელში, 3 წლის წინ ისინი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, ეს ადამიანი, პლაკატი რომ ხელში ეჭირა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, ან ჩვენ რომ დაგვეჯერებინა მისთვის, გამრავლდებოდნენ კვლავ გმირები, ძაძებით შემოსილი დედები, შვილები, ცოლები, გამრავლდებოდნენ ბავშვები, რომლებიც მამების გარეშე გაიზრდებოდნენ და ბავშვები, რომლებიც არ დაიბადებოდნენ. ეს არის მათი ყალბი პათეტიკა, ყალბი პატრიოტიზმი, როდესაც გვარების იქით, სახელების იქით საერთოდ არაფერზე არ ფიქრობენ. სინამდვილეში, ზუსტად ეს ადამიანები, რომლებიც დღეს პარლამენტთან ასე უტიფრად იყენებენ ჩვენი გმირების სახელებს, ზუსტად ეს ადამიანები სამი წლის წინ ქმნიდნენ ახალ ომს საქართველოში.
საქართველოს ექაჩებოდნენ ომში, რომელიც შექმნიდა ახალ გმირებს, მაგრამ, ამავე დროს, შექმნიდა ახალ ტრაგედიას, ახალ ცრემლიან ოჯახებს, ახალ ბავშვებს, რომლებიც გაიზრდებოდნენ საკუთარი მამების გარეშე, ცოლებს და დედებს, რომლებიც იქნებოდნენ საკუთარი მეუღლეების და შვილების გარეშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.