შაკო კუჭაშვილი: ნინო ჟიჟილაშვილი გვახსენებს ეგზისტენციალურ საფრთხეს საქართველოს მომავლისთვის, ასეთი ადამიანები ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას - საკითხი მხოლოდ ერთი ადამიანის არაკორექტულ განცხადებას არ ეხება - იმ უნივერსიტეტის მმართველ რგოლთან არის განსახილველი ამ ადამიანის დისციპლინური პრობლემები
„ნინო ჟიჟილაშვილი, ეს სახელი და გვარი, ეს პერსონა, გვახსენებს ეგზისტენციალურ საფრთხეს საქართველოს მომავლისთვის“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი, რომელიც „ფორმულას“ ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის მიერ „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის ჟურნალისტების მისამართით გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებებს ეხმიანება.
მისი თქმით, პოსტებზე ასევე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ.
კუჭაშვილს მიაჩნია, რომ ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ, პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის.
„ასეთი ადამიანები ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობენ ლექციებს და ურთიერთობა აქვთ ახალგაზრდებთან. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი მხოლოდ ერთი ადამიანის არაკორექტულ განცხადებას არ ეხება. იმ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და მმართველ რგოლთან (აკადემიურ საბჭოსთან ) არის განსახილველი ამ ადამიანის, რბილად რომ ვთქვათ, დისციპლინური პრობლემები.
პოსტებზე ასევე არ უნდა რჩებოდნენ ადამიანები, რომლებიც აქციებისას სტუდენტებს ღიად ეუბნებოდნენ, რომ ქულას პარლამენტის წინ დგომაში დაუწერდნენ, რომ მთავარი გამოცდა ახლა პარლამენტის წინ არის და რომ ფეიერვერკის სროლა გამოხატვის თავისუფლებაა. ყველა მათგანი არა მხოლოდ უნდა ჩამოშორდეს პედაგოგიურ საქმიანობას, არამედ პასუხიც უნდა აგოს კანონის წინაშე საბოტაჟის წაქეზებისთვის“, - წერს შაკო კუჭაშვილი.