სერბეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჯურო მაცუტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის ყველა სფეროში ვითარდება.
„სერბეთის რესპუბლიკის მთავრობისა და ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა, განვითარებას განაგრძობს საერთო ინტერესის ყველა სფეროში. თბილისში სერბეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პროცესს. ჩემთვის დიდი პატივი იყო დუბაიში გლობალური მმართველობის სამიტზე თქვენთან შეხვედრა და საუბარი საერთო ინტერესის მრავალ თემაზე. მოუთმენლად ველი მომავალ შეხვედრებს, რომლებიც მიმართული იქნება სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ. ასევე, ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გამოვხატავ განსაკუთრებულ მადლიერებას საქართველოს მიერ სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. თქვენი ქვეყნის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჩვენებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების თანმიმდევრული პატივისცემის მიმართ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, - აღნიშნულია სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.