Loading data...
სარჯველაძე მედიკამენტების ფასზე: აქ ვერ იქნება უბრალოდ, მარტივად და აბსოლუტურად საბაზრო პრინციპებზე აწყობილი საფასო პოლიტიკა

აქ [მედიკამენტების ფასები] ვერ იქნება უბრალოდ, მარტივად და აბსოლუტურად საბაზრო პრინციპებზე აწყობილი საფასო პოლიტიკა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტების ფასებზე საუბრისას.

მინისტრის განცხადებით, მედიკამენტების ფასების შემთხვევაში საკითხი სენსიტიურია, რადგან საუბარია ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე.

„ყველას კარგად მოეხსენება ამ შემთხვევაში [მედიკამენტების ფასები] რაში მდგომარეობს საკითხის სენსიტიურობა, აქ საუბარია ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელზე ფასსაც აქვს განსხვავებული სპეციფიკა, აქ ვერ იქნება უბრალოდ, მარტივად და აბსოლუტურად საბაზრო პრინციპებზე აწყობილი საფასო პოლიტიკაა. აქ ბუნებრივია სახელმწიფოს მართებს იყოს ბევრად უფრო მკაცრიც, ბევრად უფრო მომთხოვნიც, ჩარეულიც მათ შორის რეგულირებაში, იმისთვის რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ბევრი თვალსაზრისით ხელმისაწვდომობა მედიკამენტზე, მაგრამ მათ შორის უპირველესად ფასის მიხედვით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, წამლის ფასი ის ერთ-ერთი საკითხია, რომელიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს.

„ეს არის საკითხთა იმ წრეში შემავალი ერთ-ერთი საკითხი, რომელიც რეალურად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. მედიკამენტები მე თუ მკითხავთ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ყველა იმ ჩამოთვლილ პროდუქტს შორის, რომელიც ამ დღეების განმავლობაში დასახელებულა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.