სარჯველაძე: მაღალი ალბათობაა ცალკეული ოჯახების შემთხვევაში, რომ მათ ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოსგან აღარ სჭირდებათ - არც თუ ისე ცოტაა ასეთი რიცხვი, რომელიც შეძლებული ოჯახია, თუმცა დღემდე ინარჩუნებს ამ პოზიციას
„მაღალი ალბათობაა ცალკეული ოჯახების შემთხვევაში, რომ მათ ასეთი ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოსგან აღარ სჭირდებათ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირაში“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზის გადახედვის საკითხზე საუბრისას.
მინისტრის თქმით, ცალკეული ოჯახების ფინანსური მდგომარეობა ბაზაში დარეგისტრირების შემდეგ არსებითად შეიცვალა, თუმცა 5 წელია ისინი არავის გადაუმოწმებია.
„მაღალი ალბათობაა ცალკეული ოჯახების შემთხვევაში, რომ მათ ასეთი ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოსგან აღარ სჭირდებათ, იმიტომ რომ მათი მდგომარეობა არსებითად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ისინი დარეგისტრირდნენ ამ ბაზაში და გარკვეულ მიზეზთა გამო აღარავის გადაუმოწმებია მაგალითად 5 წელია. თუმცა ვიცით, რომ მაგალითად შემოსავალი ბოლო 3 თვის განმავლობაში მათ ერიცხებათ ისეთი, რომ აღარ საჭიროებს სახელმწიფოს დახმარებას. შეიძლება სახელმწიფოსგან მიცემული ზედმეტი ფული არავის სწყენდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ოჯახს სჭირდება. არც თუ ისე ცოტაა ასეთი რიცხვი, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეძლებული ოჯახია, თუმცა დღემდე ინარჩუნებს ამ პოზიციას. რა თქმა უნდა, ამას პირველ რიგში მიეხედება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.