Loading data...
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ხატია წილოსანმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ხატია წილოსანმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ მხარეებს შორის შედგა, ხატია წილოსანმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერისათვის, რისი მკაფიო გამოხატულებაა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები და მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებები საქართველოში კონფლიქტის შესახებ.

„საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ნამდვილ წევრს, აქვს სრული მზაობა, აქტიურად და კონსტრუქციულად გააგრძელოს დიალოგი ევროპის საბჭოსთან და ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვით“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა, ხატია წილოსანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გენერალურმა მდივანმა საქართველოს ელჩს დაუდასტურა ევროპის საბჭოსა და მისი პირადი მზაობა საქართველოსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და გაძლიერებისთვის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.