Loading data...
„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია“ - პაველ ჰერჩინსკი

„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია, ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ“, - ამ სიტყვებით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ათონელის ქუჩაზე ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილებს.

როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, წელს პირველად, საქართველო ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ხვდება.

„დღეს, ტრადიციულად, ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას. დღეს, ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც.

სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც თაობები წლებია შეუპოვრად მიისწრაფვიან, არასდროს ყოფილა ასე ახლოს. სხვადასხვა დროს, მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორ შეიძლება მათი შემხედვარე, იგივე მიზანს არ ემსახურო? ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ. ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.