სამხარაძე ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: შეხვედრა საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა, ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ქართულ და ამერიკულ ადმინისტრაციას შორის ღირებულებით თანხვედრაზე
„შეხვედრა საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ქართულ და ამერიკულ ადმინისტრაციას შორის ღირებულებით თანხვედრაზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე უახლესი წარსულის საკმაოდ მძიმე გადაცდომებს, მათ შორის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებს.
„ახლახან დასრულდა ჩემი შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ბატონ ენდრიუ ბეიკერთან. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ძირითადი საკითხი ჩვენი შეხვედრისა. განვიხილეთ ასევე ის პროექტები და ის მიმართულებები, რომლებმაც შესაძლოა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ახალი იმპულსი მისცეს და უფრო მეტი ურთიერთსასარგებლო პროექტები განავითაროს.
ჩვენ საუბარი გვქონდა ასევე უსაფრთხოების გამოწვევებზე. ვისაუბრეთ ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. ვისაუბრეთ ირანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე და იმაზე, თუ რა გავლენა შესაძლოა ჰქონდეს ამას საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაზე. შეხვედრა საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.
ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ასევე ქართულ და ამერიკულ ადმინისტრაციას შორის ღირებულებით თანხვედრაზე.
გვქონდა საუბარი ასევე უახლესი წარსულის საკმაოდ მძიმე გადაცდომებზე. მათ შორის, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზე, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა და ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ახლო მომავალში ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ კიდევ უფრო მეტი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი პოზიციების არათუ დასაახლოებლად, არამედ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასაყვანად“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.