Loading data...
სამართალმა პური ჭამა და დადგინდა, რომ სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს, უნდოდა, მანდელა გამხდარიყო - ცაგარეიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით  სამართალმა პური ჭამა  და დადგინდა, რომ სააკაშვილი სამართლიანად განსაჯეს.

ცაგარეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდოდა, მანდელა გამხდარიყო. 

ამასთან, ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარების სპეკულაციებს წერტილი დაესვა. 

„ევროდეპუტატების არაერთი მიმართვა აღმოჩნდა სრული სიყალბე და სიცრუე, ეს სტრასბურგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამ შემთხვევაში სამართალმა პური ჭამა და ყველაფერი დადგინდა, რომ ამ საქმეში არცერთი გადაცდომა საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია, იგი სამართლიანად განსაჯეს, სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს. ამით წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, განსაკუთრებით იმ ევროპარლამენტარების, რომლებიც კეზერაშვილის შავი სალაროდან მსუყედ დაფინანსებულები თხზავდნენ რაღაც პასკვილებს სააკაშვილის უფლებების დასაცავად, დადიოდნენ  მისი სურათებით ბრიუსელში და სტრასბურგში და ამით მისი ხელიდან დაღუპული უამრავი ადამიანის სულს აყენებდნენ შეურაცხყოფას. უნდოდა, მანდელა გამხდარიყო, მაგრამ ის ისე არ არის მანდელა, როგორც  მე არა ვარ ახლა  დაახლოებით ჩინეთის იმპერატორი“, - აცხადებს ცაგარეიშვილი. 

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. სტრასბურგის სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში დაწერა, რომ: „არ არსებობს საფუძველი, რათა ეჭვი შევიტანოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში“.