საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს - აშშ-ის საელჩო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ემი ვ. დიაზი, აშშ-ის საგარეო სამსახურის მაღალი რანგის კარიერული დიპლომატი 2026 წლის ივლისიდან თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის (საქმეთა დროებითი რწმუნებულის) თანამდებობას იკავებს“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ემი დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე, საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე), ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).
მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს: კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში, შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას აშშ-ის საელჩოში თბილისში, ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში, ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა).