Loading data...
საქართველოს პირველი ლედი, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა.

შეხვედრაზე თამარ ბაგრატიონმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის წმინდა საყდართან ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა არქიეპისკოპოსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის შეტანილი წვლილისთვის.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობაზეც. აღინიშნა ვატიკანში ქართული კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენის მნიშვნელობა, ასევე, ვატიკანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაცული საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური მასალების შესწავლის შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ვატიკანისა და რომის უნივერსიტეტებში ქართველი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობასა და მათთვის გამოყოფილ სტიპენდიებზე.

საუბრის დასასრულს თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციებსა და ქვეყნის ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან.