საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს.
„იმის გამო, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად, არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულიად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს არჩევნებზე დაკვირვებისა და „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
ორმაგად სამწუხაროა, რომ გვიწევს ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჰააგაში - საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. მსურს, ვთხოვო სამდივნოს, სათანადოდ ასახოს ჩვენი პოზიცია ასამბლეის სხდომის ოქმში“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. ქართულმა დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
მმართველი გუნდის წევრები უსამართლო ჩანაწერზე და ჯო უილსონის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ რეზოლუცია შეიცავს არაერთ სიცრუეს, უზუსტობას და ერთი ერთში იმეორებს ქართული ოპოზიციის ნარატივს.