Loading data...
საგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას; ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

კერძოდ, საუბარია 2025 წლის 30 ივნისს და 1-ელ ივლისს ირანის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ირან-ისრაელის კონფლიქტში დაღუპული ირანელების ხსოვნას მიეძღვნა.

აღნიშნული ღონისძიების დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, რითაც ირანის მიმართ სამძიმარი და სოლიდარობა გამოხატა.

როგორც საგარეო უწყებაში Newshub.ge-ს განუცხადეს, 2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.