Loading data...
საგარეო საქმეთა სამინისტროში კორეის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, მორიგი შეხვედრა გამართა საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩთან, ჰიონდუ კიმთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განხილულ იქნა კორეის რესპუბლიკის პარლამენტში ე.წ. „აფხაზეთის კულტურის მინისტრის“ მიერ გამართული შეხვედრა და ე.წ. „კულტურის ცენტრის გახსნის“ საკითხი.

ელჩმა მწუხარებით აღნიშნა მომხდარის შესახებ და განმარტა, რომ კორეის რესპუბლიკის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რჩება უცვლელი და მყარი, ის არ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და მიიჩნევს მას საქართველოს განუყოფელ ნაწილად, რაც არაერთხელ დადასტურებულა კორეის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან.

ე.წ. „კულტურის ცენტრთან“ დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ არ არის გაცემული რაიმე სახის ნებართვა მსგავსი ცენტრის გახსნასთან ან ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, შესაბამისად კორეის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად მისი ფუნქციონირება შეუძლებელია.