Loading data...
Responsible Statecraft-ის სტატიის ავტორი: მიხეილ ყაველაშვილმა გასულ კვირას ნიუ-იორკში შემახსენა, რომ ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანია არსებობს, თითქმის 1,700 წლით მეტი და დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის შემდეგაც, კიდევ დიდხანს იარსებებს

„ევროკავშირი საქართველოსგან მოელის რადიკალურ ცვლილებებს, რათა ევროკავშირს მოერგოს. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან მოელის რადიკალურ ცვლილებებს, რათა საქართველოს მოერგოს“, - ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Responsible Statecraft-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან ნიუ-იორკში ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ მხარეთა ზომის გათვალისწინებით, მკითხველს შესაძლოა ეს აბსურდულ მისწრაფებად მოეჩვენოს, თუმცა აქვე ანატოლ ლივენი საქართველოს პრეზიდენტს ციტირებს, რომელიც საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ეს უკანასკნელი, შესაძლოა, აბსურდულ მისწრაფებად მოგეჩვენოთ, მხარეთა შედარებითი ზომის გათვალისწინებით (ევროკომისიის მიერ, რა თქმა უნდა, ამგვარად იქნება განხილული) მაგრამ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შემახსენა გასულ კვირას ნიუ-იორკში, ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანია არსებობს - თითქმის 1,700 წლით მეტი - და დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის შემდეგაც, კიდევ დიდხანს იარსებებს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც იხსენებს და მას ავტორიტარულ რეჟიმად მოიხსენიებს.

„მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, წლების მანძილზე ევროკავშირთან შესანიშნავი ურთიერთობები გააჩნდა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (ამჟამად, ციხეშია სახელმწიფო ფინანსების მითვისების ბრალდებით) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინა მთავრობა, მართალია, რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს ატარებდა (კოლოსალური დასავლური ფინანსური დახმარების წყალობით), მაგრამ სულ უფრო და უფრო სასტიკი და ავტორიტარული გახდა, რის გამოც მას უფლებადამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ამაზე იშვიათად საუბრობენ, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მალე თავად დაინახეს, რამდენად უგუნური და საშიში ფიგურა იყო სააკაშვილი, რომლის ქმედებებმაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი გამოიწვია, სადაც საქართველომ კატასტროფული მარცხი იწვნია“, - ვკითხულობთ Responsible Statecraft-ის სტატიაში.