Loading data...
რატი იონათამიშვილი: როგორ ამორალურადაც ექცევიან ერთმანეთს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისე ამორალურად უნდათ, რომ მოექცნენ ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს და როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, სწორედ ამას აკეთებდნენ

„როგორ ამორალურადაც ექცევიან ერთმანეთს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისე ამორალურად უნდათ, რომ მოექცნენ ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს და როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, სწორედ ამას აკეთებდნენ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან ასე შეაფასა პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ პარტიის წევრებს ერთმანეთისადმი მორალური დამოკიდებულება არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონიათ.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ერთმანეთის მიმართ ეს ზიზღი და მიუღებლობა გუშინ არ დაწყებულა. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ძალაუფლებაში მოვიდნენ და ძალაუფლების გემო იგემეს და შემდეგ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ძალაუფლება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ეს არის მათი მორალური სახე და სტანდარტი, ამიტომ დღეს რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის საუკეთესო ლუსტრაცია ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ ის არა პოლიტიკური პარტია, არამედ პოლიტიკური პროექტი და სააგენტო, რომელიც როგორც წესი, აგენტებით არის დაკომპლექტებული, ასეთი დამოკიდებულებით არის ცნობილი. ერთმანეთი რომ ასე ეზიზღებათ და ერთმანეთის მიმართ ასეთი სიძულვილი და დაპირისპირება გააჩნიათ, მათ რომ ძალაუფლება მისცენ დღეს, რას დამართებდნენ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ხალხს. ეს კითხვა უნდა დასვას საზოგადოებამ.

სწორედ ამიტომაც არის მიუღებელი „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობისათვის, ისინი ყველა არჩევნებზე მარცხდებიან ძალიან მწარედ, ძალიან მწარედ დამარცხდებიან საკონსტიტუციო სასამართლოშიც და ეს ჩვენი საზოგადოების ჩვენი პოლიტიკური ველის გაჯანსაღებისა და გაძლიერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.