რატი იონათამიშვილი: IRI-ის კვლევის შედეგებს თუ გავაანალიზებთ და პარტიების პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების, სულ მცირე, 70%-იანი მხარდაჭერა აქვს
თუ IRI-ის კვლევის შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების, სულ მცირე, 70%-იანი მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ IRI–ის მიერ მიღებული 36% მრავლდება ორზე, რაც მეორე მხარეს არსებული მინიმალური შედეგების და გადაუწყვეტელი, ასევე, პასუხზე უარის მთქმელი პროცენტების პროპორციული განაწილების შედეგად მიიღება.
„საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ IRI–ის მიერ გაკეთებული კვლევა ნამდვილად ჯოჯოხეთური მოცემულობაა აგენტურული ოპოზიციისთვის. ეს კვლევა ადასტურებს, რომ დღეს არსებულ ხელისუფლებას აქვს ისტორიული, მისი არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა. თუ IRI–ის მიერ მიღებულ შედეგებს გავუკეთებთ ალოკაციას, გავითვალისწინებთ მეორე მხარეს მიღებულ პროცენტებს, ასევე, მეთოდოლოგიურად გავანაწილებთ უარს პასუხზე და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს – „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70%–იანი მხარდაჭერა აქვს. IRI–ის კვლევის შედეგების გაგრძელებაა დღეს გამოქვეყნებული ევროკომისიის კვლევაც, რომელიც ერთი ერთში იმეორებს შედეგებს. როდესაც ჩვენი ქვეყანა საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგში ევროპაში მეხუთე ადგილზეა, ეს ადასტურებს მინიმუმ 70%–იანი მხარდაჭერის უტყუარობას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა გაავრცელეს სლაიდი, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს; „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%. 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“. 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის ძალას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.