რატი იონათამიშვილი: გარე ძალების მიზანი იყო, საქართველოში დაპირისპირება ყოფილიყო, თანამზრახველებად ოპოზიცია ჰყავდათ

„გარე ძალებს ჰქონდათ ძალიან კონკრეტული მიზანი საქართველოში და ეს მიზანი მოდიოდა დაპირისპირებაში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მავნე გარე ძალების დაკვეთის შემსრულებლები საქართველოში „რადიკალური ოპოზიციაა“.
„გარე ძალებს კონკრეტული მიზანი ჰქონდათ, რომ საქართველოში დაპირისპირება ყოფილიყო. ისინი, ქვეყანასთან ერთად, ხელისუფლებას ებრძოდნენ, რომელიც საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს იცავდა და არა გლობალური ომის პარტიის, რომელსაც სურდა, საქართველო გასათამაშებელი კარტი ყოფილიყო მსოფლიო რუკაზე.
თან ყველაზე მძიმე, მოუშუშებელი და გამანადგურებელი შედეგებით, რაც აქ მეორე ფრონტის გახსნას გამოიწვევდა და ქვეყნისთვის საბედისწერო იქნებოდა. ამ გეგმაში თანამზრახველებად ჰყავდათ ის ადამიანები, ვინც საქართველოში მათ ფილიალს წარმოადგენს. ისინი არიან რადიკალურ ოპოზიციაში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.