Loading data...
რატი იონათამიშვილი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ცვლილებაზე: ათობით მოქალაქემ დამირეკა, ისინი იყვნენ როგორც ნარკომომხმარებლები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, მათ სრული მხარდაჭერა გამოხატეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით

„მთელი დღის განმავლობაში ათობით მოქალაქემ დამირეკა. ისინი იყვნენ როგორც ნარკომომხმარებლები, ასევე, მათი ოჯახის წევრები. მათ სრული მხარდაჭერა გამოხატეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ.

მისი განცხადებით, სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები საბოლოო ჯამში, ნარკომომხმარებლების რაოდენობას შეამცირებს.

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ლოგიკური გაგრძელება სახელმწიფოს გამოცხადებული პოლიტიკის, რომ ჩვენი მომავალი თაობების დაცვისთვის, სიჯანსაღისთვის, მათზე ზრუნვისთვის ჩვენ დღეს უნდა ვიმოქმედოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქმედითი ნაბიჯები მკვეთრად შეამცირებს საბოლოო ჯამში ნარკომომხმარებელთა რაოდენობას”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ.“

„როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა მეთადონი და ბუპრენორფინი. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.