რატი იონათამიშვილი ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე: პოზიტიურად მინდა შევაფასო დიალოგის ნაწილი, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს
ნებისმიერ სიტუაციაში არჩევანი არის დიალოგი. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ დიალოგისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ნამდვილად დასაფასებელია ის ფაქტი, რომ დიალოგი შედგა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობის პრინციპებით მობრუნდეს დიალოგი. სამართლიანობის პრინციპები რა თქმა უნდა დგას საქართველოს მხარეს და ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ცხადია, როდესაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, საუკეთესო გამოსავალი ამისთვის არის დიალოგი, მაგრამ ვინც დიალოგს გაურბის, ის გაურბის ამას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ობიექტურ პრინციპებზე დაფუძნებით სასაუბრო არ გააჩნია. ჩვენ ამ პროცესს ვხედავდით. დიპლომატიურ პასპორტებზე იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს მაშინ დიალოგს გაურბოდნენ ის ბიუროკრატები, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებდა.
ამიტომ პოზიტიურად მინდა შევაფასო დიალოგის ნაწილი. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ თუ კი კონკრეტული გადაწყვეტილებები ობიექტურ გარემოებებს, ობიექტურ შეფასებებს დაეფუძნება, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებები იქნება სასარგებლო პირველ რიგში ევრობიუროკრატებისთვის, რომლებმაც სამწუხაროდ კურსით გადაუხვიეს ევროპულ ღირებულებებს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.