რამდენად საფუძვლიანია BBC-ის ბრალდება, თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების თაობაზე?
ბრიტანული BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში, მომიტინგეების წინააღმდეგ ისეთ ნივთიერებას გამოიყენებდა, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს ქიმიური იარაღის სახით მოიხმარდნენ, საქართველოს მთავრობის მხრიდან საპასუხოდ სამართლებრივი დავა მოჰყვა.
სტატიაში საუბარია ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს. საქმე ისაა, რომ ნივთიერება საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა და ითვლება, რომ მას 1930-იანი წლებიდან აღარ იყენებენ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოვლენილი შემაშფოთებელი სიმპტომების გამო. თანამედროვე საზოგადოებამ „კამიტი“ CS გაზით ჩაანაცვლა, რომელსაც ხშირად, „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ“.
ამ ძალზე სერიოზულ ბრალდებას სამთავრობო გუნდი მიზანმიმართულ პოლიტიკურ შეტევას უწოდებს და პირობას დებს, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას საერთაშორისო სასამართლოებში დაიწყებს.
ჩნდება კითხვა: რამდენად საფუძვლიანია ბრიტანული მედიის ბრალდება და რეალურად, რა ნივთიერებაზეა საუბარი?
როგორც ირკვევა, BBC-ის ჟურნალისტები სტატიაში წერენ, რომ ტრიქლორეთილენი არის „გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს“.
რეალურად, ტრიქლორეთილენი - C2HCl3 მართლაც არის კარგი გამხსნელი (მას ადრე ნარკოზადაც კი გამოიყენებდნენ), ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში!
„კამიტად“ მოხსენიებული ბრომბენზილციანიდი - C6H5CHBrCN, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტის ჯარების მიერ იქნა გამოყენებული, კარგად იხსნება ბენზოლში, ეთანოლში, მაგრამ, ასევე, მცირედ იხსნება წყალში.
ამასთან, ბრომბენზილციანიდი „ჭამს“ ლითონს და ამიტომაც, მას მინის ან ფაიფურის ჭურჭელში ინახავენ, შესაბამისად, ამ ნივთიერებას შეეძლო წყალმტყორცნი მანქანების ლითონისგან დამზადებული ავზების დაზიანებაც.
სწორედ, ამ და სხვა არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, BBC-ის ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალა ბევრ ეჭვს ბადებს, რომელსაც პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, სამართლებრივი დავის დაწყების შემდეგ უნდა გაეცეს.