Loading data...
პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ძლიერი საქართველოს“ წევრ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორ პროკურატურაში აცხადებენ, საქმე ეხება „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.