Loading data...
პრეზიდენტი სამი პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მოთხოვნით მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე: როდემდე უნდა იყოს პოლიტიკური სივრცე დაბინძურებული?! დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები

„როდემდე უნდა იყოს პოლიტიკური სივრცე მუდმივად დაბინძურებული და როდემდე უნდა ვიაროთ ერთ წრეზე?! რას ნიშნავს მაშინ სახელმწიფო ინსტიტუციები, სახელმწიფო თუ არ რეაგირებს ასეთ გამოწვევებზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სამი პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მოთხოვნით მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე საუბრისას განაცხადა. 

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურ ველზე აუცილებლად გამოჩნდებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. 

„ამ პროცესს [საკონსტიტუციო სარჩელს], რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებ. ბევრ გადაცემაში მაქვს ნათქვამი, რომ ეს ძალა [ნაციონალური მოძრაობა] არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ სივრცეში. მივანდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რას გადაწყვეტს. ყველა გზა მიდის ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. როდემდე უნდა იყოს პოლიტიკური სივრცე მუდმივად დაბინძურებული და როდემდე უნდა ვიაროთ ერთ წრეზე?! რას ნიშნავს მაშინ სახელმწიფო ინსტიტუციები, სახელმწიფო თუ არ რეაგირებს ასეთ გამოწვევებზე. როცა ასე მიზანმიმართულად, გარედან დაფინანსებული ქმედებებით აზიანებენ პოლიტიკურ სივრცეს.

მთავარი საკითხია, ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში და ნამდვილად ხელს უშლის პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნის განვითარებას. 

დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, გარდაუვალია, ასე არ მოხდეს და სხვანაირად ვიფიქროთ, რაც შეეხება ამ პარტიებს, მოდი, მივანდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რა განაჩენს გამოიტანს. ჩემი პოლიტიკური შეხედულება ადრეც იცოდნენ“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.