Loading data...
პრეზიდენტი რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის წერილზე: გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება - დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი

გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება - დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რითაც პრეზიდენტი გამოეხმაურა რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის წერილს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსადმი, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც „ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან“.

პრეზიდენტის განცხადებით, ნათლად ჩანს საქართველოს ხელისუფლების დაკნინების მცდელობის ხაზი.

„ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ წერილის ავტორები და წერენ მარკო რუბიოს, ხშირად გამოირჩევიან, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციით და ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით. იგივე ხაზი გრძელდება.

წლებია, ვსაუბრობდით, რომ კონკრეტული ორგანიზაციები აქ ეწევიან რადიკალიზმის დაფინანსებას და აქ საუბარი იყო USAID-სა და NED-ზე. ეს კონკრეტული ორგანიზაციები თავად ამერიკის პრეზიდენტმა, დღევანდელმა ადმინისტრაციამ გამოავლინა, რომ ისინი დაკავებული იყვნენ სხვა ქვეყნებში რევოლუციით და რადიკალური ქმედებებით.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ჩვენი საზოგადოება არის ინფორმირებული. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მოვლენებია ჩვენს გარშემო“, - აცხადებს ყაველაშვილი.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პარტნიორობისა და დიალოგისთვის.

„ჩვენ ვაგრძელებთ სამართლიან, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროცესებს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. მე ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მქონდა შეხვედრა, იქაც იგივე განვაცხადე. ეს ადამიანები ჯერჯერობით, თავად იკავებენ თავს. ჩვენ თავშეკავება ნამდვილად არ გვჭირდება, ჩვენ ღია ვართ ყველა დიალოგისთვის. ვაღიარებთ კიდეც, წერილებითაც მივმართეთ, ჩვენ უკან დასახევი და დასამალი არაფერი გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა აქვე ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს ღირებულებით თანხვედრას ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით.

„ეროვნულ ინტერესებზე ხშირად პოზიცინიორებენ ამერიკის პრეზიდენტიც, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. გაეროს სხდომაზე განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, რომ დიახ, ქვეყნებმა უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები.

ჩვენ ამისთვის მანამდეც მზად ვიყავით, ეს ღირებულებითი თანხვედრა როცა გამოჩნდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა ბატონი ტრამპი და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ღირებულებითი თანხვედრა არის ჩვენსა და მას შორის, სურვილს გამოვთქვამდით, რომ დროა, დიალოგი შედგეს. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. ახლა მათი მხრიდან არის დასაყენებელი ეს საკითხი, როდის მოხდეს ჩვენთან დაკავშირება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.