პრეზიდენტი: არც ახლა ვართ ამ მდგომარეობაში, რომ ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანებას, პირიქით, ვიმედოვნებთ, გვაქვს შესაძლებლობაც, მიზანიც იმისა, რომ მოვემზადოთ იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რომლის გარშემოც იყო ერი გაერთიანებული
„არასდროს ზურგი არ შეგვიქცევია, არც ახლა ვართ ამ მდგომარეობაში, რომ ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირი იყო საშუალება და არის საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდეს.
„მანამდე, ვიდრე პრეზიდენტი გავხდებოდი, წარმოვადგენდი პარლამენტის წევრს, „ხალხის ძალის“ წევრს, რომლებმაც გავბედეთ და პირდაპირ დავიწყეთ მხილება ევრობიუროკრატიის, მაშინდელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციის, ამერიკის ელჩის. ეს ორმაგი სტანდარტი, პირდაპირი მნიშვნელობით დირექტივები, ჩარევები ჩვენი ხელისუფლების ქმედებაში და მოთხოვნა ამ დირექტივების შესრულების. მხილება, რომ ეს არ წარმოადგენს ევროკავშირს. ეს არ არის ევროპული ღირებულებები. ეს არის ვასალური დამოკიდებულება და ძალიან გთხოვთ იყოთ სამართლიანები.
ჩვენ არასდროს ზურგი არ შეგვიქცევია, არც ახლა ვართ ამ მდგომარეობაში, რომ ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანებას.
პირიქით, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ გვაქვს შესაძლებლობაც, მიზანიც იმისა, რომ მოვემზადოთ იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რომლის გარშემოც იყო მთელი ჩვენი ერი გაერთიანებული. რა ღირებულებებია ეს. ჩვენ მუდმივად ვმიჯნავთ და აქ არის აუცილებლად განსასაზღვრი, რომ ევროკავშირი მხოლოდ ერთი რაკურსით არ შეიძლება წარმოიდგინო და არ შეიძლება მხოლოდ იმიტომ იხელმძღვანელო, რომ მაგალითად ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ან ევროსაბჭოს თავმჯდომარე, ან ევროპარლამენტის თავმჯდომარე და ა.შ. მათი შეხედულებით განისაზღვროს მთლიანი ევროპა და მისი ღირებულებები. ჩვენ ამ კითხვას ვსვამდით, ჩვენთვის ევროკავშირი არ წარმოადგენს მიზანს, რომ გინდა თუ არა ევროკავშირის წევრი ვიყოთ. ჩვენთვის ევროკავშირი იყო საშუალება და არის საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდეს. ის ღირებულებები და ის ხელშესახები ჩვენი ტრადიციები, ეროვნული ინტერესები, სამართლიანობის განცდა, მთელი ეს შეკრული მექანიზმის რომ იყოს აღსრულებული. ჩვენ ამ თვალსაზრისით ვხედავდით ევროპაში ჩვენს თავს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.