პრემიერი: ვინც მივიდა აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ, როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ

ვინც მივიდა ოთხ საათზე აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძისა და მისი პარტნიორების მიერ. როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, ყველამ იცოდა, რომ 4 ოქტომბრის 16:00 საათისთვის დაანონსებული აქცია ხელისუფლების დამხობის აქცია იყო.
„ვინმეს რამე ხომ არ მოგვეჩვენა? ანუ, ვინც მივიდა ოთხ საათზე აქციაზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ. როგორც კი ნახეს, რომ ეს დამხობა ჩავარდა, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. რა თქმა უნდა, მათი საქციელიც სამარცხვინოა - ბურჭულაძის და ორგანიზატორების, მაგრამ მათზე ბევრად უფრო სამარცხვინოა იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც ჩავარდნილი დამხობის შემდეგ გაემიჯნენ ბურჭულაძეს. ბურჭულაძის მიერ დაანონსებულ დამხობის აქციაზე მივიდნენ, დაიწყო ბურჭულაძემ დამხობა, ჩაუვარდა და ამის მერე გაემიჯნენ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ბურჭულაძის მოწოდების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დარჩა და ბურჭულაძეს მცირე ნაწილი გაჰყვა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იყო ტაქტიკური ნაბიჯები და ამ ტაქტიკური ნაბიჯების მიხედვით მიიღეს შესაბამისი ნაბიჯები.
„ანუ, ტაქტიკურად იყო გადანაწილებული მათი რესურსი, მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ ძალოვანი სტრუქტურები მოქმედებდნენ ეფექტიანად, მაშინვე მთლიანად დაიწყეს გამიჯვნა დამხობის აქციისგან, როცა საკუთარი ფეხით, თვითონ მივიდნენ დამხობის აქციაზე, ეს არავის მოგვჩვენებია. ოთხ საათზე ვინც მივიდა თავისუფლების მოედანზე, ყველა მივიდა დამხობის აქციაზე. დამხობა როგორ არის მშვიდობიანი პროტესტი?!”, - განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რატომ არ გაჰყვნენ აქციის მონაწილეები პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ჰქონდათ მონახაზი, რომლის მიხედვითაც, ერთი ნაწილი უნდა წასულიყო ათონელის ქუჩაზე, უნდა შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და შემდეგ სხვა ჯგუფებს სხვა მიმართულებით უნდა ემოქმედათ.
„მაგრამ როგორც კი ნახეს, რომ პირველივე მცდელობა ჩაუვარდათ, მაშინვე სამარცხვინოდ გაემიჯნენ ბატონ ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ესეც აჩვენებს „ნაცის“ სახეს”, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.