Loading data...
პრემიერი: შსს-მ უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარა იუველირული სპეცოპერაცია - მოვუწოდებ მაგალითად ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, მაგალითი აიღონ შსს-ს გუშინდელი სპეცოპერაციიდან, როდესაც თავად მოუწევთ ასეთ გამოწვევებთან გამკლავება

„4 წლის განმავლობაში „ნაცებმა“ ხუთჯერ სცადეს უკვე ხელისუფლების დამხობა, მაიდნის მოწყობა, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი, გუშინ სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გუშინ შსს-მ უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარა იუველირული სპეცოპერაცია.

„რაც შეეხება გუშინ განვითარებულ პროცესებს. უკვე საღამოს, ვგულისხმობ დამხობის მცდელობას, როგორც მოგეხსენებათ, დამხობის მცდელობაც ჩავარდა. გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უკვე „ნაცმაიდნის“ მოწყობის მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. 4 წლის განმავლობაში „ნაცებმა“ ხუთჯერ სცადეს უკვე ხელისუფლების დამხობა, მაიდნის მოწყობა, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი, გუშინ სახელმწიფოს მხრიდან.

მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა 1 100 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიმართ საბოლოოდ მოვაშოროთ ეს სენი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, იგულისხმება ყველა უცხოელი აგენტი, რომელიც არ ასვენებს ამ ქვეყანას. ამაში იგულისხმებიან, ის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით, მათ შორის ამისათვის გამოიყენება მაგალითად, სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი. არის ასეთი ორგანიზაციები, როგორიც არის „ფარი“, „ერთობა“ და ა.შ. ეს არის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობითაც, მათ შორის და სხვა დაჯგუფებების მეშვეობით გასული ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა 100, 50, 150 კაცის მიერ ქუჩის გადაკეტვა და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არასწორია 110-მა კაცმა არ შეიძლება 1 100 000-ს ადამიანს გადაუკეტოს ქუჩა. მიზანი რა იყო ამ ყველაფრის?! - მიზანი იყო, სახელმწიფოს, ქვეყნის, ეკონომიკის დაზიანება. ამას ვერ ახერხებდნენ წარმატებით, მაგრამ რაღაც მცირე ზიანს მაინც აყენებდნენ ამ ქვეყანას და სახელმწიფოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა 1 100 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიმართ, რომ მთლიანად გავანეიტრალოთ ეს პოლიტიკური ძალა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ , უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ შედგეს სრულიად ჯანმრთელი და ჯანსაღი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა.

მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, სპეცრაზმის ხელმძღვანელს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. არ მინდა ვინმე გამომრჩეს, უკლებლივ ყველა სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც გუშინ მოქმედებდა უმაღლეს დონეზე. თქვენ ნახეთ, რომ შსს-მ უმაღლეს დონეზე, უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარა იუველირული სპეცოპერაცია, რითაც განეიტრალდა კონსტიტუციური წყობილების დამხობის, ძალადობით შეცვლის მცდელობა. ამისათვის, რა თქმა უნდა, შსს-ს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა.

მე მოვუწოდებ მაგალითად ფრანგებს, გერმანელებს, ჰოლანდიელებს, მაგალითი აიღონ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მისი გუშინდელი სპეცოპერაციიდან, როდესაც თავად მოუწევთ ასეთ გამოწვევებთან გამკლავება.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც არა მარტო გუშინდელ დღეს, არამედ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმოქმედა უმაღლეს დონეზე მინდა მადლობა გადავუხადო სუსის ხელმძღვანელს, ბატონ მამუკა მდინარაძეს. სუსმა მიიღო პრევენციული ზომები, რა თქმა უნდა, სამსახური მოქმედებს არა საჯაროდ, ეს არის ამ სამსახურის სპეციფიკა, თუმცა უამრავი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ პრევენციულად ყოფილიყო თავიდან არიდებული პრობლემები და გუშინაც მაქსიმალური ეფექტიანობით მოქმედებდა სუსი.

თქვენ, როგორც მოგეხსენებათ, უკვე არის დაპატიმრებული რამდენიმე ადამიანი, პირველ რიგში ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები და ასევე, ყველას მინდა შევახსენო, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება. ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო შარშან და შარშანწინ. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს, იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოს წინააღმდეგ და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ. კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ესეც არის ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების წინაშე, იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელიც გუშინ სრული მობილიზაციით გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.