პრემიერი: რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ევროკავშირს და მის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას
„რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ევროკავშირს და მის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "აქტუალური თემა" განაცხადა.
პრემიერის თმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ევროკავშირმა მიიღო ახალი მიგრაციული კრიზისი და უმძიმესი ეკონომიკური განვითარება.
„მე მგონია, რომ ევროკავშირისთვისაც არის ძალიან სასარგებლო ის შედეგი, რომელიც დადგა აშშ-ში. თქვენ იცით, გასულმა ოთხმა წელიწადმა რა მოუტანა ევროკავშირს. უკრაინაში მიმდინარე ომის, რუსეთის სამხედრო აგრესიის მთავარი მსხვერპლი ომი უშუალო მონაწილეების შემდეგ იყო ევროკავშირი, რომელმაც შედეგად მიიღო ახალი მიგრაციული კრიზისი, უმძიმესი ეკონომიკური განვითარება, გერმანია რომ ავიღოთ, ავტომობილების ინდუსტრიას, რაც არის გერმანიის სამარკო ნიშანი, აქვს სერიოზული პრობლემები, სხვა ქვეყნებშიც არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, არის ძალიან დაბალი ზრდის მაჩვენებელი, ქვეყნების დიდ ნაწილში არის ეკონომიკის ვარდნა. ეს ყველაფერი ევროკავშირს და ევროპას მოუტანა უკრაინაში მიმდინარე ომმა. ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ევროკავშირს და მის ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ლიდერები უნდა იყვნენ უფრო მეტად ორიენტირებულები აშშ-ის ხელისუფლებასთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.