პრემიერი: პირდაპირ აანონსებენ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, რომ გეგმავენ, მოიძიონ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლის მექანიზმები და ირიბი გზებით დააფინანსონ პოლიტიკური აქტივობები საქართველოში, ამას უპირისპირდება ის კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც იღებს პარლამენტი, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს
პირდაპირ აანონსებენ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, რომ ისინი გეგმავენ, მოიძიონ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლის მექანიზმები და ირიბი გზებით დააფინანსონ პოლიტიკური აქტივობები საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამას უპირისპირდება ის კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება კონსტიტუციური სისტემის არაღიარებას, ესეც არის დაკავშირებული პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, კონსტიტუციის დაცვის ინტერესთან. არის 5 სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე ჩვენი ხელისუფლების იურისდიქციას და ქვეყნის შიგნით არიან ძალები, ესენიც არიან თან გარედან წაქეზებული და გარედან კოორდინირებული ძალები, რომლებიც არა 20%-ზე, არამედ ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. რა თქმა უნდა, ეს არის ეროვნული გამოწვევა, რასაც უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი გეგმავს შესაბამისი კანონის მიღებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.