Loading data...
პრემიერი - ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ სტუდენტმა საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე

„ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ სტუდენტმა საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მაღალი დონის განათლება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამაზეა თავიდან ბოლომდე ორიენტირებული განათლების რეფორმის კონცეფცია.

„პირველ რიგში, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12 წელი. რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს, ჩვენი მთავარი ამოცანაა და ეს ქვეყნის პრიორიტეტია, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება ის რეფორმის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ გვინდა, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, 3-4 წელიწადში, უკვე თვისებრივად, ფუნდამენტურად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება, თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება. ზოგადად, სასურველი არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა, თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისთვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა, მათ შორის, ჩვენც შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ, სპეციალიზებულ სკოლებში, თუ არა და ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ წავა მოსწავლე, იქ დაამთავრებს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი, განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ. ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ სტუდენტმა საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.