პრემიერი: მიმდინარე წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით - ჩვენი ეკონომიკა ისტორიაში პირველად გადასცდება 100 მლრდ-ს, ერთ სულ მოსახლეზე - 10 000 აშშ დოლარს და მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით - 30 000 აშშ დოლარს, ბუნებრივია, ეს ზრდა პირდაპირ აისახა ბიუჯეტის ზრდაზე და მოგვცა ყველა მიმართულებით დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობა
„ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას, ამ წელს ვასრულებთ ისტორიული შედეგებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ისტორიაში პირველად გადასცდება 100 მლრდ-ს, ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს, ხოლო მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით - 30 000 დოლარს.
„100 მლრდ-ს პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა, ასევე ერთ სულ მოსახლეზე 10 000 აშშ დოლარს გადასცდება პირველად და მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, პირველად გადასცდება ჩვენი ეკონომიკა 30 000 აშშ დოლარს. ასევე, სავარაუდოდ, სავალუტო რეზერვები გადასცდება პირველად ისტორიაში 6 მლრდ აშშ დოლარს. უპრეცედენტო ეკონომიკური შედეგებით ვასრულებთ 2025 წელს. ბუნებრივია, ეს ზრდა აისახა პირდაპირ ბიუჯეტის ზრდაზე და ამან მოგვცა ყველა მიმართულებით დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობა. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება კვლავ სოციალური სფერო და ბიუჯეტის მესამედზე მეტი მოხმარდება სოციალურ დანახარჯებს, ეს არის, მათ შორის, ჯანდაცვის დანახარჯები, ეს არის პენსიები, სოციალური შემწეობები და ა.შ. ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვექნება სერიოზული დაფინანსება, 8.2 მლრდ ლარი იქნება დაახლოებით მთლიანი კაპიტალური დანახარჯები, რაც არის გათვალისწინებული ბიუჯეტში და ეს ეკონომიკის სტიმულირებას დამატებით უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის, განათლების რეფორმა, რასაც თავისი ბიუჯეტი სჭირდება და ესეც გათვალისწინებული და ასახულია სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველა მიმართულებით გვექნება თანმიმდევრული ზრდა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის დამატებით სტიმულირებასა და განვითარებას, რაც არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა პრემიერმა.